უბედური შემთხვევა საფეხბურთო მოედანზე - „ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა. დღეს ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურში „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდს“ მასპინძლობდა. „მცხეთა პარკზე“ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ პირველ არხს განუცხადა, ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
„შოთა მოთელვაზე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე მოთელვაზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა და უცებ წაიქცა. მცხეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ, მაგრამ ვეღარ ვუშველეთ. საშინელი ამბავია. არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან კარგი სპორტსმენი და ადამიანი იყო“, - ამბობს რევაზ პერტაია.
31 წლის შოთა მამინაშვილი ბათუმის „დინამოში“ გაზრდილი იყო, „ზუგდიდში“ კი 2017 წლიდან თამაშობდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს.