14 მოწამლული მოსწავლიდან დღეს სკოლაში მხოლოდ ორი გამოცხადდა

29 სექტემბერი 2017, 00:00 3333 ნახვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში, სწავლა დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, ბუფეტი დაიხურა, ამიტომ მოსწავლეები დილიდან ფუნთუშებს სკოლის  მიმდიბარე  ტერიტორიასთან არსებულ მაღაზიაში ყიდულობენ.

14 მოწამლული მოსწავლიდან დღეს სკოლაში მხოლოდ ორი  გამოცხადდა. „დანარჩენებიც თავს კარგად გრძნობენ. სავარაუდოდ მშობლებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და დღეს სასწავლო დაწესებულებაში აღარ გამოუშვეს" - გვითხრა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა.

რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების სავარაუდო მოწამვლა ჯერ უცნობია. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი 5 დღეში გახდება.

"ჩვენი კვლევა დამოკიდებულია, რა შედეგებს დადებს ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. სწორედ მათ ეპიდემიოლოგიურ დასკვნას ველოდებით. დეტალებს კონკრეტულად რომელ პროდუქტებზე აიღეს ლაბორატორიული სინჯები ამას ვერ მოგიყვებით, თუმცა საკვებ პროდუქის ნიმუშები ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია'' - გვითხრეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში. აიღეს თუ არა სასწავლო დაწესებულებაში სასმელი წყლის სინჯები უწყებაში ამ ეტაპზე ინფორმაციას აზუსტებენ. 

გუშინ ქობულეთში ერთდროულად შეუძლოდ გახდა მეშვიდე და მერვე კლასების სულ 14 მოსწავლე. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში