ქობულეთში მეწყერი 6 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა

28 სექტემბერი 2017, 00:00 4273 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა 6 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ამ ეტაპზე ორი ოჯახის სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ. მუხაესტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მძიმე ტექნიკა შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ქობულეთის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

 პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზე. რამდენიმე მონაკვეთი  ამ დრომდე ჩაკეტილია. 17 ერთეული ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს. ძლიერმა წვიმამ წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.  ლეღვაში კიდევ ერთი ხიდი დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. 

შეზღუდვებია წყალმომარაგებაშიც. ციხისძირს,  ბუკნარს,  ლეღვასა და ხუცუბანს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებოდათ. ამ ეტაპზე პრობლემა მოხსნილია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ამ ეტაპზე დაზარალებული ოჯახების მონაცემების შეგროვება და დამუშავება მიმდინარეობს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში