სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.
სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 ათას 500 და დაიჭრა 2 ათასამდე ადამიანი.