ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს მედეა ჩარკვიანი აღარ უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ავრცელებს. ის მოქმედი დირექტორის მმართველობის პერიდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრობს და მას გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის.
“უშუალოდ შენი ძალისხმევით განხორციელდა ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა უსახლკარო თეატრის შენობის დაკანონება, მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია და ამ პროცესში თეატრს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. რომ არა შენ, ეჭვი მეპარება, თეატრს განეხორციელებინა ამდენი გასტროლი, მონაწილეობა მიეღო ათობით საერთაშორისო ფესტივალში და მოეპოვებინა გამარჯვება. იყავი მუდამ გულწრფელი, ერთგული, მეგობრული და მზრუნველი შენი თანამშრომლებისთვის. დადგა ცვლილებების დროც, რაც სავსებით ლოგიკური, კანონზომიერი და მიზანშეწონილია.
მედეა ჩარკვიანი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორი ათი წლის განმავლობაში იყო. როგორც ცნობილია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი ჩხაიძე რამდენიმე დღის წინ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა. „მთავარი“ თემაზე ხვალ დილიდან იმუშავებს, ჩვენი ჟურნალისტები მიზეზებისა და არგუმენტების გარკვევას შეეცდებიან.