დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ წარდგენილი მუხლი 108-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და დაკავებული სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამისთვის 7 წლით, ხოლო 2-წლიანი პატიმრობა ცეცხლსასროლი იარღის შეძენა-ტარებისთვის მიესაჯა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი 109-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელიც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადააკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდაპირველად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სასულიერო პირი თებერვლიდან პატიმრობაშია.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ “თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება 109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა 108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.