ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიევს ულტიმატუმი წაუყენა. პრანკერების განცხადებით, ისინი მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბრნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელით. ვოვანისა და ლექსუსის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თუ უკრაინის მოქალაქეობას არ დაუბრუნებენ, ყველაფერი ცუდად დასრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა მუქარა რუს პრანკერებთან ვლადიმერ კუზნეცოვსა და ალექსეი კრასნოვთან საუბრისას გააჟღერა. და დასძინა, რომ ანალოგიური ინფორმაცია მან პირადად პეტრო პოროშენკოსაც მიაწოდა. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი კავშირები შეახსენა, რასაც კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას სააკაშვილი უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პასპორტით გაფრინდა.