2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლის შემდეგაც რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს. სოფელ არცევის შემდეგ, მავთულხლართები ე.წ. მესაზღვრეებმა ხურჩა- ნაბაკევთან გაავლეს. ტერიტორიას ადგილობრივები საყანე ფართობებად იყენებდნენ. ახლა 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი მავთულხლართებს მიღმა დარჩა. სოფელ ხურჩის რწმუნებული ამბობს, რომ პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
ბადრი ხუნჯუგიას განცხადებით რუსმა სამხედროებმა მაშინ ბოძები დაასეს. ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების უფლებებს და პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე, აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხს 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე განიხილავენ.