დამეწყრილი და გაუწმენდავი გზა სოფელ წითელი ოქტომბერში

02 აგვისტო 2017, 00:00 2679 ნახვა

ასე გამოიყურება გზა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელი ოქტომბრის წყლის სათავე ნაგებობასთან მიდის. დიდი ღრმულები 10 დღის წინ, ძლიერი წვიმების შედეგად გაჩნდა.

მიწის ნატანი, შიდა სასოფლო გზაზეც იყო ჩამოწოლილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულმა ტექნიკამ იმ დღესვე გაწმინდა. სასაფლაოებისა და წყლის სათავე ნაგებობისკენ მიმავალი გზა კი ისევ ავარიულია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწა პერიოდულად ჩამოდის.

მოსახლეობა კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. ყვებიან, რომ ახლადმოასფალტებული გზის გასწვრივ სანიაღვრე არხები გაყვანილი არ არის. რის გამოც ფერდობი ირეცხება და იქვე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. წყლის სათავე ნაგებობისა და გზის სარემონტო სამუშაოები სოფელ წითელ ოქტომბერში გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს,  რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთს უახლოეს დღეებში მოაწესრიგებენ. სულხან ეგვენიძის თქმით, სათავე ნაგეგობასთან სპეციალური “ფერდი” უნდა გაკეთდეს. 
“ჯერ სილა უნდა დაიყაროს, საჭირო იყო სიმშრალე და მზიანი ამინდები, ბალასტი გამზადებულია და შესაბამისი ტექნიკაც მობილიზებულია. მაქსიმუმ ორ დღეში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება” – აცხადებს გამგებელი.

ავტორი: ხათუნა შუშანიძე

ამავე კატეგორიაში