3 დაშავებული თურქეთის კლინიკებში რჩება

23 ივლისი 2017, 00:00 2404 ნახვა

თურქეთში, გირესუნის გუბერნიაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულმა მძღოლმა საავადმყოფო დატოვა, თუმცა ქვეყანა არა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსს მართავდა, გამოძიების დასრულებამდე თურქეთში დარჩება. მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

თურქეთში რჩება ავარიის დროს დაშავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე – ანსამბლის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომელსაც ტრავმული ამპუტაცია ჩაუტარდა და ანსამბლის მუსიკოსის მეუღლე. ისინი ამ დრომდე ტრაპიზონისა და გირესუნის კლინიკებში მკურნალობენ.. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში გირესუნის გუბერნიაში 16 ივლისს გამთენიისას მოხდა.

ავარიის დროს ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, ანსამბლ “ერისიონის” საბავშვო სტუდიის “ლამპრების” წევრები, მათი მშობლები და მუსიკოსები. მძიმე დაზიანებები მიიღო ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრმა, ანსამბლის ოპერატორმა, რომელიც სამწუხაროდ შემთხვევიდან ორ დღეში გარდაიცვალა.  ანსამბლი თბილისიდან ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრებოდა.

ამავე კატეგორიაში