სახალხო დამცველი, აზრბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია გამოძიება დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ჩატარდეს.
"აფგან მუხთარლის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება, იმავე უწყების მიერ, ეფექტური გამოძიებისათვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს ვერ უზრუნველყოფს" - ამბობს სახალხო დამცველი.
მისივე განმარტებით "გამოძიების მიმდინარეობის მიმართ, საზოგადოების რწმენის განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის იერარქიული კავშირები გამოირიცხოს. " აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წელია ცხოვრობს, თბილისში 30 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.