სად და როგორ შეძლებენ მოქალაქეები უფასო მედიკამენტების მიღებას?

03 ივლისი 2017, 00:00 4400 ნახვა

იმისათვის რომ მოქალაქე უფასო მედიკამენტების პროგრამაში ჩაერთოს, რამდენიმე პროცედურის გავლა მოუწევს. პირველ რიგში დასადგენია სტატუსი. ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში უნდა იყოს რეგისტრირებული, სარეიტინგო ქულა კი 100 000-სს არ უნდა აღემატებოდეს. შემდეგ საჭიროა ექიმთან ვიზიტი და დიაგნოსტიკა, რადგან პროგრამის ფარგლებში, შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები ფინანსდება. ესენია: გულ - სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ასევე დიაბეტის მე-2 ტიპი.

მედიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე გავრცელებული ოთხი დაავადება, რომლებიც მუდმივ კონტროლს და უწყვეტ მკურნალობას საჭიროებენ. ექიმის მიერ დაწერილი ფორმა ასი მოქალაქემ სოციალური მომსახურების სააგენტოში, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარადგინოს. იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკულად მოავადეს გადადგილების პრობლემა აქვს, პროცედურის გავლა მინდობილ პირსაც შეუძლია.

ბოლო ეტაპი აფთიაქია, სადაც ბენეფიციარი რეცეპტითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, საჭირო მედიკამენტს მიიღებს.ბათუმში ასეთი მხოლოდ ერთი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე-ეს-პეს“ აფთიაქია, რომელიც აღმაშენებლის 26 ნომერში მდებარეობს. 

რაც შეეხება რაიონებს, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ერთი აფთიაქი იმუშავებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 23 დასახელების წამლის გაცემა, თუმცა ამ ეტაპზე ქსელში მხოლოდ 13 სახეობის მედიკამენტია ჩაშვებული. მოქალაქეებს 3 თვის სამყოფ დოზაში მინიმუმ 5 თეთრის და მაქსიმუმ 1 ლარის გადახდა მოუწევთ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში