''ძვირფასო პარლამენტის წევრებო და აპარატის თანამშრომლებო, გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში იმატა ე.წ "სატყუარა" მეილების რიცხვმა'' - ეს შეტყობინება კანონმდებლებმა გუშინ მიიღეს. ინფორმაციული დეპარტამენტი ამ შეტყობინებით დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. საქართველოს პარლამენტის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი მეილით რამდენიმე დღის მანძილზე ვერ სარგებლობდნენ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ელექტრონულ ფოსტაზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.
''პირველ რიგში ფოთის პორტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იქ თავდასხმა არ ყოფილა. იქ ერთ-ერთი უცხოური საერთაშორისო კომპანია ოპერირებს და მასზე იყო გარკვეული კიბერშეტევა. ფაქტს იძიებენ იმ ქვეყნის სამსახურები, სადაც მდებარეობს სათაო ოფისი და ჩვენთან მხოლოდ მისი წარმომადგენლობა იყო. პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება შემოსული არ ყოფილა, თუმცა, ასე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ,ჩვენი სპეციალისტები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა. სისხლის სამართლის გამოძიება კი ამ ეტაპისთვის დაწყებულ არ არის. შეტყობინება შემოსული არ ყოფილა. თუმცა ჩვენ ჩვენი ინიციატივით ვარკვევთ,"- განაცხადა შალავა ხუციშვილმა.