დღეს ქართველმა მუსლიმებმა, გენერალ აბაშიძის 49, სადაც მეჩეთის მშენებლობაზე მერიამ უარი უთხრა, ღია ცის ქვეშ მეჩეთი "გახსნეს" და პირველი ლოცვა აღავლინეს.
ლოცვის აღსავლენად ტერიტორიაზე ქართველი მუსლიმი მრევლი შეიკრიბა, იყვნენ მოწვეული ხულოსა და ქედის მუფთებიც. ლოცვის დაწყებამდე, მუსლიმ თემს "ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ მიმართა:
"ჩვენი მდგომარეობა გავს წმინდა მუჰამედისას, როცა იგი საკუთარი სახლიდან, მექადან გააძევეს და პირველი მეჩეთის აშენება ჩვენსავით დაიწყო. ჩვენ მეტად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ნოხები გვაქვს დაგებული, ისინი პირდაპირ უდაბნოში ლოცულობდნენ. შეიძლება ხელისუფლების არასწორმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენს მიმართ იყო დისკრიმინაციული, ერთგვარად მიგვამსგავსა მუჰამედის მდგომარეობას. დღეს ჩვენ ვხსნით მეჩეთს, დიახ, ეს არის მეჩეთის გახსნა, რაც შეეხება შენობას, ეს ტექნიკური საკითხია და შევძლებთ მის მოგვარებასაც" - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
ფოტო: ჯენი კვანტალიანი
მისი განცხადებით, დღეს პარასკევის ლოცვაზე მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულები: "ისინი არ მობრძანდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა მისი სახელი, დღეს აჭარაში მუსლიმანები უმრავლესობით ვართ წარმოდგენილები და საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ მუსლიმს ქვეყნისთვის ეღალატოს. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეს დამთხვევა არის სიმბოლური. მეჩეთის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის გზაა" - განაცხადა ნაკაიძემ.
მუსლიმებმა, ბათუმში, ორი დღის წინ, მათ მიერ შეძენილ მიწაზე, სადაც მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ, დროებითი სცენა მოაწყვეს. "ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წარმომადგენლების განცხადებით, ხის კონსტრუქციაზე, 3000 მდე მლოცველი დაეტევა.
მუსლიმმა თემა გენერალ აბაშიძის 49 ნომერში 3000 მდე კვადრატული მეტრი მიწა 400 000 დოლარის ექვივალენტი ლარში შეიძინა. "ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" მიზანია ტერიტორიაზე მეჩეთი აიგოს, რომლის ღირებულება 3 დან 5 მილიონამდეა. საინიციატივო ჯგუფმა მშენებლობის ნებართვისთვის მერიას მიმართა, თუმცა ამ ტერიტორიაზე მშენებლობაზე უარი მიიღო.