115 ათასი ლარი მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის

22 მაისი 2017, 00:00 2308 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის, 115 ათას ლარს დახარჯავს. ტენდერის მიხედვით, რომელიც 17 მაისს გამოცხადდა, კომპანიამ სარეკლამო ბანერები ბათუმსა და ქობულეთში უნდა განათავსოს. ბანერები გზებთან ახლოს, ასევე, ხიდებზე და ქალაქების შემოსასვლელებში უნდა განთავსდეს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სარეკლამო კამპანია ბათუმში ჩამოსულ ტურისტებზეა გათვლილი. ვიზიტორებს აჭარის სხვა ტურისტული ობიექტების მონახულებასაც სთავაზობენ.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში ნათქვამია: "მთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს (როგორც შიდა, ასევე უცხოელებს) ჩვენ ბათუმსა და ქობულეთში განთავსებული გარერეკლამით მოვუწოდებთ, ეწვიონ მთიან აჭარას. ბანერებზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების ფოტოები წარწერებით განთავსდება. დეპარტამენტის მიზანია, გარერეკლამის მეშვეობით, რომელსაც თან ონლაინ-რეკლამა და საიმიჯო ვიდეო რგოლი დაერთვება, მთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია გაუწიოს“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი