ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს დაესხნენ თავს.
შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია დამნაშავეს ასახელებს, მისი თქმით, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, მომხდარი იყო პირადი ანგარიშსწორება და უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას.
ამ დროისთვის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლაშა თორდიას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ევროპული საქართველოს წევრები კი ხელისუფლებას მიმართავენ, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალება მისცეს, რომელიც ამ კონკრეტულ ფაქტს გამოიძიებს.