თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ გაზაფხულზე შეიძლება დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები, დამისვეს ამოცანა, სასწრაფოდ მომემზადებინა საველე ჰოსპიტალი - ლაშა ქოიავა

27 მარტი 2025, 11:22 240 ნახვა

2008 წელს ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ მალევე იქნება საბრძოლო მოქმედებები, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლის დისლოკაციის ადგილად განისაზღვრა საგურამო და დაიწყო წვრთნა.

„ცოტა ხნით წასული ვიყავი ჯარიდან და ვმსახურობდი სახელმწიფო სპეციალურ კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოში, ანალიტიკურ სამმართველოში უფროსად. 2007 წელს კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და მოხდა იმიტაცია იმის აღდგენის, რაც გაუქმდა ოქრუაშვილის დროს. ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ძალების შტაბი, გაუქმებული იყო სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მიერ მომზადებული და აღჭურვილი სამთო მსროლელი ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ, რეალურად, მოხდა მისი გაუქმება. ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა ჯარიდან, ისინი იყვნენ გაშვებული. ძირითადი ხალხი, რომელიც შემდეგ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა, იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებსაც ჯართან არასდროს საერთო არაფერი ჰქონიათ. გაუქმებული იყო ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია, შემდეგ აღდგენილი და გადატანილი გორში რვათვიანი კურსით, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას. რატომ ვამბობ რომ იმიტაციად მივიჩნევ მე? სამხედრო დაზვერვის შექმნისას ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი ისეთი, რომელსაც გაუჭირდა შეგუება სამხედრო დაზვერვის სპეციფიკასთან. შეთანხმება მოხდა სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსსა და სამხედრო დაზვერვის უფროსს შორის, მე გადავედი სამხედრო დაზვერვაში, აგრეთვე ანალიტიკურ სამსახურში.

 

2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დაბარებული ვიყავი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მიერ, სადაც ამიხსნეს, რომ სამხედრო დაზვერვაში იმ საქმეს, რასაც მე ვაკეთებ, გააკეთებს ყველა, ხოლო საველე ჰოსპიტალს ჩემ გარდა, ვერავინ გააკეთებს. ამიტომ გადმოყვანილი ვიყავი სახმელეთო ჯარებში, სადაც შექმნეს ცალკე სამინისტროს სამსახური. მე დამევალა საველე ჰოსპიტლის შექმნა. საველე ჰოსპიტალი უკვე მქონდა გაკეთებული, გამოცდილება არაერთი მქონდა. დისლოკაციის ადგილად განგვესაზღვრა საგურამო. იქ დაიწყო წვრთნა, სწავლა, რადგან საველე ჰოსპიტალს ბევრი სპეციფიკა აქვს და რამდენადაც კარგი ექიმი, ქირურგი, ანესთეზიოლოგი თუ რეანიმატოლოგი არ უნდა იყოს სტაციონარში, შენობაში, მას ძალიან გაუჭირდება მუშაობა საველე ჰოსპიტალში, საველე პირობებში. ეს არაერთხელ მქონდა ნანახი და იმ პერიოდშიც ამაში დავრწმუნდი. იმის გამო, რომ მედიცინა მიყვება ჯარს და საბრძოლო უზრუნველყოფის ერთ-ერთი სამსახურია დღეისთვის,  იძულებული ხარ, იცოდე სამხედრო საქმის რაღაც ნიუანსები, რათა არ მოხდეს პრობლემა მეთაურისთვის. პირიქით, სამედიცინო სამსახურმა უნდა მოუხსნას თავის ტკივილი მეთაურს – დაჭრილების გამოყვანა-ევაკუაცია, მათი მკურნალობა. ამავდროულად, საველე ჰოსპიტალი არ უნდა გახდეს რაღაც ცალკე პრობლემა მეთაურისთვის დაცვის ან ევაკუაციის საბრძოლო მოქმედებების დროს. ამიტომ, იძულებული ხარ, სამხედრო საქმე შეისწავლო. 2008 წელს ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ მალევე იქნება საბრძოლო მოქმედებები“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

მისივე განცხადებით, ვეტერანების ტოტალური გაშვება მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, ერთი ბრძანებით გაუშვა 2 000-ზე მეტი ოფიცერი, რომლებსაც ჰქონდათ განათლება მიღებული აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში.

ქოიავას თქმით, ბრიტანელებმა კომისია შექმნეს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ და ისინი განმარტავდნენ, რომ ასე უკონტროლოდ ვეტერანების ჯარიდან გაშვება არ შეიძლება.

„ტოტალური გაშვება მოხდა უკვე ოქრუაშვილის დანიშვნისას. მან ერთი ბრძანებით გაუშვა 2 000-ზე მეტი ოფიცერი, რომლებსაც ჰქონდათ განათლება მიღებული არა მარტო საბჭოეთის დროს რუსის ჯარში, არამედ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთად. იქ იყო არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ კურსებიც, რომლებიც ძალიან დიდ ცოდნას, გამოცდილებას აძლევდა ადამიანს. აქ პრობლემური იყო ისიც, რომ ადგილები, რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას. ანუ, ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს. მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს მოხდა ოქრუაშვილის დროს. წოდების რიგგარეშე მინიჭება შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ ალბათ, ყველაზე დიდი, საბრძოლო მოქმედებების დროს შეიძლება, ორჯერ მოხდეს. ამან, რასაკვირველია, გამოიწვია გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია ჯარში. დეფორმაცია ჯარისკაცების, ოფიცრების ფსიქიკაში, რადგან ადამიანი, რომელიც ამდენ ხანს მსახურობდა, უცებ იყო გაშვებული. ყველას, ცნობიერად, თუ გაუცნობიერებლად გაუჩნდა განცდა, რომ ისიც შეიძლება სამშობლოს სამსახურში დააფასონ იმით, რომ გააგდონ ჯარიდან, ისე, როგორც რაღაც გადამუშავებული მასალა“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში