„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კანადაში შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე იმართება, რაც გამოწვეულია უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან და ტარიფების დაწესებასთან.
დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კიევის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მიღება. როიტერსი ასევე წერს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე მაშინვე მოჰყვა საპასუხო ზომები კანადისა და ევროკავშირის მხრიდან, რაც ხაზს უსვამს აშშ-სა და მის პარტნიორებს შორის არსებულ დაძაბულობას.