მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტისთვის გადაიდო

06 მარტი 2025, 17:50 121 ნახვა

ბათუმის სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მარტს გაგრძელდება.

ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვენ.

“გრიგოლ ბესელიამ უშუალოდ დააკავა, ხოლო ირაკლი დგებუაძე პროცესს ესწრებოდა, რომელიც ამბობდა, რომ მზია ამაღლობელი 150-ე მუხლით არის დაკავებული, რის გამოც მის გამოკითხვას ვითხოვთ”,- აღნიშნეს ადვოკატებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას სასამართლოზე მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან.

“არ ვფიქრობთ, რომ მათი ჩვენება შემხებლობაა ამ საქმეში, გრიგოლ ბესელიას ნაწილშიც შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზეზს ვერ ვხედავთ, ნათლად ჩანს ვინ არის დამკავებელი. გრიგოლ ბესელია არის დამკავებელი თუ არა, ეს არაა განხილვის საგანი, დღეს სასამართლო სამართალდარღვევის ფაქტს განიხილავს”,- აღნიშნა შსს წარმომადგენელმა.

აღნიშნული მოსაზრებების გამო, მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, აღნიშნული შუამდგომლობა ღიად დატოვა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე აჭარის პოლიციამ არ განიხილოს. მათი განცხადებით, ბრალდების მხარე ამ საქმეში პერსონალურად არის დიანტერესბეული.

დღევანდელ სასამართლოს  ლიეტუვის ელჩი, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საპატიმროდან დისტანციურად ჩაერთო მზია ამაღლობელიც.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში