ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და დრო დაგვაკარგინა - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

01 მარტი 2025, 10:38 351 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიქრობს დონალდ ტრამპისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი და რას ფიქრობდა თავად, რუბიო, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:

„თქვენ ნახეთ, რა მოხდა დღეს. თქვენ არ იცით ყველაფერი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ასე რომ, ნება მიბოძეთ, განვმარტო. პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, მან ამაზე კამპანია აწარმოა. ის ფიქრობს, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მას სჯერა – და მე ვეთანხმები – ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვართ. ის ცდილობს, ეს კონფლიქტი დაასრულოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმა, კერძოდ, ჩვენ გვსურს, რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ გვინდა, გამოვიკვლიოთ, არის თუ არა მშვიდობა შესაძლებელი. მათ ეს ესმით. მათ ასევე ესმით, რომ ის შეთანხმება, რომელიც დღეს უნდა გაფორმებულიყო, უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომელიც ამერიკას ეკონომიკურად უკრაინასთან დააკავშირებდა, რაც, ჩემთვის, როგორც მე ავხსენი – და ვფიქრობ, ამაზე დღეს პრეზიდენტმაც მიანიშნა – არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული; ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ინტერესები. ეს ყველაფერი იყო განმარტებული. ეს იყო გაგებული. ამის მიუხედავად, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობაში იყო სირთულეები ამ აზრის მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებში. თუმცა, მათ მოითხოვეს ვაშინგტონში ჩამოსვლა და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გაცნობიერებული: ნუ ჩამოხვალთ აქ და ნუ შექმნით სცენარს, სადაც თქვენ დაიწყებთ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ იმუშავებს დიპლომატია. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მიმართულებით წავიდა და საბოლოოდ ეს დასრულდა მოსალოდნელი შედეგით. სამწუხაროა. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არის გზა, რომელიც მან აირჩია და გულწრფელად ვფიქრობ, ეს მის ქვეყანას აშორებს მშვიდობის მიღწევისგან. რაც საბოლოოდ პრეზიდენტს ტრამპს სურს, ეს არის ამ ომის დასრულება“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ეს შეხვედრა თავისთვის ფიასკოდ აქცია და ასევე იმის გამოც, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დრო გაფლანგა იმ შეხვედრისთვის, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.

„ის არ უნდა შესულიყო იქ და გამხდარიყო ანტაგონისტი. ყველაფერი ლიანდაგებიდან გადავიდა, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტს უთხრა: ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა, რა დიპლომატიაზე მესაუბრებით?“ – თქვა რუბიომ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პუტინის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მთელი თავისი ცხოვრება დებდა გარიგებებს და არ აპირებს ისეთი გარიგების დადებას, რომელიც ნამდვილი არ იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი