600-მდე სკოლაში, ამ დროის მდგომარეობით, სასწავლო პროცესი გაჩერებულია და ყველანაირად ვეცდებით, რომ 4 მარტს ყველა მათგანში სწავლა იყოს აღდგენილი, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიურად გრძელდება სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი და ხორციელდება გადმოთოვლითი სამუშაოები.
„სასწავლო პროცესს რაც შეეხება, დღეს დილით კიდევ 100 სკოლაში აღდგა სასწავლო პროცესი. ამ დროის მდგომარეობით, 600 სკოლამდეა, სადაც სასწავლო პროცესი არის გაჩერებული და ყველანაირად ვეცდებით, რომ უკვე 4 მარტს ყველა მათგანში სწავლა იყოს აღდგენილი. აქტიურად ვაგრძელებთ სკოლების და სხვა სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს.
ამავდროულად, ჩვენ მიერ ჩართული არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს გადმოთოვლით და სხვა საქმიანობას, რა საჭიროებებიც გვაქვს დღეს რეგიონში. მეორე მხრივ, სკოლის თანამშრომლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები ათვალიერებენ, რაიმე დაზიანება ხომ არ აქვს მიღებული სასკოლო დაწესებულებებს. ასეთი საჭიროებების აღმოჩენის შემთხვევაში, განათლების სამინისტროს მხრიდან აუცილებლად გატარდება ყველა ღონისძიება, რაც საჭიროა სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, გასამართად“, – აღნიშნა წულაძემ.