"ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან წერილს ავრცელებს. თემურ ქათამაძე აცხადებს, რომ მიგრაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხდება მის მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ასევე წერილში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით. ქათამაძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო განზრახული და მიმართულია მისთვის 44-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის, ნებისყოფის და მხნეობის გატეხვის მიზნით. ცნობისთვის, ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე 44-ე დღეა შიმშილობს. 11 იანვარს, აქციაზე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, თუმცა ახლა უკვე მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის განყოფილების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, იგი ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორც ცნობილია იგი მუჰაჯირების შთამომავალია და წლებია ბათუმში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.