ხელვაჩაურის მერია, სოფელ ორთაბათუმში ხანძრის შედეგად სახლის დაწვის ფაქტს ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ მაჭუტაძეების ოჯახი ეკომიგრანტის სტატუსით სარგებლობს და 2022 წლიდან ქირითაა გაყვანილი. ასევე აღნიშნავენ, რომ ოჯახი მუნიციპალიტეტის და აჭარის მთავრობის მიერ არ დარჩება მზრუნველობის გარეშე.
"მსურს გამოვეხმაურო, გუშინ სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები რესან მაჭუტაძის 7 სულიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაწვის ფაქტს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქე სარგებლობს ეკომიგრანტის სტატუსით და 2022 წლიდან მუნიციპალიტეტს გაყვანილი ჰყავს ქირით. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. როგორც აჭარის მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება.
გარდა იმისა რომ ოჯახი ატარებს ეკომიგრანტის სტატუსს, ასევე დაკმაყოფილებულია 4 ოთახიანი გარემონტებული ბინით, რომელიც წლის ბოლოს გადაეცემა.
ვწუხვარ მომხდარი ხანძრის გამო. ოჯახი მუნიციპალიტეტის და აჭარის მთავრობის მიერ არ დარჩება მზრუნველობის გარეშე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ორთაბათუმში მაჭუტაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. დაზარალებული ოჯახი აცხადებდა, რომ დიდთოვლოს გამო გზა ჩაიკეტა და სახანძრო ადგილზე ვერ მივიდა, რის გამო სახლი მთლიანად დაიწვა და ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
ფოტო: არქივი.