ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - საგანგებო

26 თებერვალი 2025, 11:49 258 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.

მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი