აჭარის საავტომობილო გზების პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ გაწმენდილ გზებზე სამუშაოების ჩატარება თავიდან უწევთ, რადგან ინტენსიურმა თოვამ გაწმენდილი გზები თოვლით ისევ დაფარა. თავდაპირველად ცენტრალური ქუჩების გაწმენდა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ტექნიკა და ცოცხალი ძალა. თოვს მაღალმთიან აჭარაშიც. ქედის სოფლებში თოვლის საფარი 150, ხოლო დაბაში 50- 60 სმ-ია.
გზების გაწმენდით სამუშაოებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად ჩართულია ქედის კომუნალური სერვისის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 100- 110 სმ-ია. ხოლო დაბაში 50 სმ. მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების წმენდის პროცესი.
შესაბამისი სამსახურები, დაბის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან ათავისუფლებენ.
ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60-70 სმ-ია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თემის ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ენერგო პრო-ჯორჯიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდთოვლობის გათვალისწინებით სააღმზრდელო პროცესი 25 თებერვლის ჩათვლით შეწყდა, ხოლო, ქედაში 26 თებერვლის ჩათვლით შეჩერებულია.