პარლამენტმა 2003-2012 წლების ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

05 თებერვალი 2025, 16:15 102 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. კომისიის შექმნას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ.

რეგლამენტის მიხედვით, კომისიის წევრთა ნახევარი ოპოზიციონერი დეპუტატებით უნდა დაკომპლექტდეს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილ ადგილებს უმრავლესობიდან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები დაიკავებენ.

კომისია პარლამენტში პირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციისა და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.

დღესვე პარლამენტმა  პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება  82 ხმით მიიღო.

კანონპროექტით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში