დაპირისპირება ბათუმის დრამატულ თეატრში. მსახიობი მეგი კობალაძე ამბობს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი მას სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.
როგორც მსახიობი ჰყვება, თავდაპირველად საუბარი დასის წევრების ნაწილსა და რეჟისორს შორის ხელფასების დიფერენცირებულ მატებას შეეხებოდა, რაზეც მისი თქმით, რეჟისორისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო და შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეგი კობალაძე გაფიცული მსახიობია და მიიჩნევს, რომ მისდამი დამოკიდებულებაც მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება.
მეგი კობალაძე ამბობს, რომ დასში დაძაბული ვითარებაა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართავს ადგილზე გაეცნოს ვითარებას და მხარეებს შორის კომუნიკაციის პროცესში ჩაერთოს. ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
რაც შეეხება კონფლიქტის ამსახველი ვიდეოს, ის თავდაპირველად სოციალურ ქსელში მეგი კობალაძემ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით თავადვე წაშალა და სატელევიზიოდ მასალის გამოყენებაზეც უარი განაცხადა.