სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ცხრა პირი მოინახულეს

19 იანვარი 2025, 14:12 80 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში და დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ცხრა პირი მოინახულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.

„სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში