მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რა დროსაც ორი მოზარდი დაიღუპა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზეა დაკავებული. შემთხვევის შედეგად, ერთი მოზარდი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში გადაყვანის დროს დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მალევე შეიკრიბნენ ადგილობრივები, სადაც მოხდა დაპირისპირება. მათ გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ტრანსპორტი, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სხვა ავტომობილებსაც. სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო უწყების რამდენიმე თანამშრომელმა , ასევე, დაშავდა 8 მოქალაქე. ექიმების ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.