დღეს დეპუტატები მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის შემოღებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, პარლამენტში კანონპროექტს მესამედ უყრიან კენჭს.
თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მართვის მოწმობებს ყოველწლიურად 100 ქულა მიენიჭება და დაჯარიმების შემთვევაში მძღოლებს ქულები დააკლდებათ, რომლის განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის ჩამორთმევას გულისხმობს.
ახალი კანონპროექტი ეხება ნასვამ მძღოლებსაც. თუ ნასვამი მძღოლი მანქანის მართვის დროს დააფიქსირეს, მას კანონი აძლევს საშუალებას, მართვის უფლების შეჩერება 700 ლარიანი ჯარიმით ჩაანაცვლოს.
ჯარიმები უწესდებათ მოპედის მძღოლებს და მგზავრებს. მოპედით მოძრაობისას შეკრული ჩაფხუტის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლებს ან/და მგზავრებს 100 ლარით დააჯარიმებენ.
ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის შესახებ წესების დარღვევაზე - მანქანის მართვის დროს, ტელეფონით საუბრისას მძღოლი 10 ლარის ნაცვლად 30 ლარით დაჯარიმდება.
ავტომობილით საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე 300 ლარიანი ჯარიმა დაწესდება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. ჯარიმა პირველ შემთხვევაში 40 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი, 150 ლარამდე გაიზრდება.
პირი, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს, 200-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება. ასევე შემოდის უკონტაქტო პატრული.