შედეგი არის უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ყველას ესმის თუ რა ხდება საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვაზე

20 დეკემბერი 2024, 16:15 140 ნახვა

მინდა, გადმოგცეთ ის, რაც ევროპარლამენტში ჩემი მიმართვის შედეგი იყო, ეს არის ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ - ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში შევალთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში.

„ღამე დავბრუნდი სტრასბურგიდან, სადაც მქონდა ევროპარლამენტის მიმართ მიმართვა. მინდა, გადმოგცეთ ის, რაც ამ მიმართვის შედეგი იყო - ეს არის ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველას კარგად ესმის, მგონი, ბევრი არაფერია ასახსნელი. მე კი მაქვს ტენდენცია, რომ სულ ავხსნა და ავხსნა, მაგრამ ყველას ესმის დღეს საქართველოში რა ხდება და რას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება იმით, რითაც უნდა რომ გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და ეს სიტუაცია გადააგოროს. მაგრამ ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, ჩიხში შევალთ. ამიტომ, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერების მიმართ მათი გზავნილები მკაფიოა.

„ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები. დღეს გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, რომ გააჩეროს საქართველოს ევროპული გზა. მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პოლიციური ძალადობა. „დღეს ვაწესებთ ვიზა შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი საქართველოს ლიდერების მიმართ მკაფიოა- თქვენს ხალხს ნუღარ აშავებთ“ - ეს არის ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ვიცით, ასევე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შესახებ, რაც ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ არსებობს ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც თავის სათქმელს მშვიდობიანად ამბობს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში