ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში  არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება - პრემიერი

20 დეკემბერი 2024, 14:28 157 ნახვა

ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში  არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს განემარტა საქართველოში არსებული ვითარება, და ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება აღარ არის.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში  არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული  დისკუსიები ბატონ გენერალურ მდივანთან. ჩვენ განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება, ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე განმარტებები გაკეთდა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით.

„ასევე განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებულები.  რა თქმა უნდა.  ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს.

 

რაც შეეხება გამოძიებას, წარიმართება გამოძიებები, ამასთან დაკავშირებითაც განმარტება მიიღო ბატონმა გენერალურმა მდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ასევე ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე. მათ შორის, მსჯელობა გვქონდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული  გვქონდა კანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღების შემდეგაც. ვამბობთ მარტივ რამეს - თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მსჯელობისთვის. მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის  სტრუქტურებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ალენ ბერსე პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც ამბობს, რომ მზად არის არგუმენტებით ისაუბროს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ითხოვენ, შესაბამისად, ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის.

„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. აქედან გამომდინარე ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, ალენ ბერსემ დაადასტურა, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო - ეს არის ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში

"ბატონმა ბერსემაც განმარტა, რომ მისი მისიის მიზანი ვერ იქნება არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება. ჩვენ ინფორმაცია გავუზიარეთ გენერალურ მდივანს ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა მან შეხვედრის დროსაც დაადასტურა ის, რაც თქვა საჯაროდ, რომ მისი მისია ვერ იქნება არჩევნების შეფასება.

 

მან ერთი საინტერესო რამ თქვა, რომ არჩევნების შეფასება არის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქცია. ეს არის ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში. მან დაადასტურა ის, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო. არჩევნების ლეგიტიმაციას რაც შეეხება, არჩევნებს ლეგიტიმაციას ანიჭებს ხალხი. ქართველმა ხალხმა მიანიჭა არჩევნებს ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ყველაფერი არის დამთავრებული.  ძალადობრივი რესურსიც განეიტრალდა, არავითარი რესურსი არავის აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ სახალხო ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. დამთავრებულია ამის რესურსი თავიდან ბოლომდე “, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალენ ბერსესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ყველა თემაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში