საქართველოს პირველი არხი ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე განცხადებას ავრცელებს

18 დეკემბერი 2024, 15:32 69 ნახვა

დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, - ნათქვამია საქართველოს პირველი არხის განცხადებაში, რომლითაც არხი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას განაცხადა: „ახლა უკვე თქვენც ყველა ხედავთ ტყუილს, როდესაც ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს. საბოლოოდ, მთავარი არის ის, რომ ეს არ არის პოლიტიკისა და პოლარიზაციის საკითხი და საქმე არ ეხება მთავრობას, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებებს, რომ არ ვუწოდოთ ავტორიტარიზმი, არამედ საქმე ეხება რადიკალურ არჩევანს, რომელიც არჩევნების დროს ამომრჩევლებს წარუდგინეს. ეს არჩევნები ეხებოდა საქართველოს და მის მომავალს. მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, ვიდრე საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან“.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არის დეზინფორმაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა. საქართველოს პირველი არხის მიერ გამოქვეყნდა სამივე ქვეყნის – რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები, რომლებიც ასევე გაშუქდა 18 დეკემბრის 10:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.

დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში