საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში - პრემიერი

17 დეკემბერი 2024, 11:59 93 ნახვა

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია.

„სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი იყოს თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს  29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს და მას არჩეული პრეზიდენტი ჩაანაცვლებს.

"რეალურად, კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა. უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. მე-7 წელია, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზეა და ასეთ დროს რომ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს, არ ვიცი... ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. უბრალოდ, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კაია კალასის განცხადებამ მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მგონი, გამოვა, მე მაინც მგონია, რომ გამოვა. არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში