სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საფრთხის შემცველი მაფინის ფორმების მოძიება დაიწყო

13 დეკემბერი 2024, 15:49 230 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საფრთხის შემცველი მაფინის ფორმების მოძიება დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა შეტყობინება იტალიური წარმოების (Novacart S.p.A.) მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმებიდან ნაჯერი არომატული ამინების საკვებ პროდუქტებში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა გერმანიის კომპეტენტური ორგანოს მიერ- სურსათთან შეხებისას აღნიშნული ნივთიერების შემცველი ინვენტარის გამოყენება არ არის რეკომენდებული და ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეფასებულია როგორც პოტენციური საფრთხე - გააჩნია კანცეროგენული და მუტაგენური მოქმედება.

შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, მაფინის საცხობი ფორმების (Lot 24A04339) შესყიდვა საქართველოში განხორციელდა მიმდინარე წლის ივლისში, შპს „შვიდის“ მიერ (ს/კ:211371638, მისამართი: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა №59).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის თაობაზე აცნობა ბიზნესოპერატორს და დაავალა შეტყობინებაში მითითებული მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების რეალიზაციიდან ამოღება ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

აღნიშნულ პროცესებზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დოკუმენტაციის თანახმად, იტალიური წარმოების (Novacart S.p.A.) მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმების შესყიდვა განხორციელდა ასევე გერმანიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ისრაელის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთისა და თურქეთის მიერ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში