ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკიდან დღეს გაეწერება, ხოლო რაც შეეხება მაკა ჩიხლაძეს, მას აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია და ექიმები დღეს 24-საათიან მონიტორინგს შესთავაზებენ.
„დაგეგმილი გახლდათ ორივე პაციენტის გაწერა. მაკა ჩიხლაძის გაწერას ვგეგმავდით დღეს, მაგრამ არტერიული ჰიპერტენზია დაფიქსირდა. ისევ ჩვენი მოთხოვნით, ახლა გადაწყდა, ქალბატონს შევთავაზებთ კლინიკაში დარჩენას და წნევის 24-საათიან მონიტორინგს, რათა გამოვრციხოთ ყველა ის შესაძლებელი, არსებული ან მერე განვითარებული პათოლოგიები, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ამიტომ მაკა ჩიხლაძეს ჩვენ ამას შევთავაზებთ. ბუნებრივია, პაციენტის ნების წინააღმდეგ ვერ წავალთ, ინფორმირებულ თანხმობას როდესაც მივიღებთ, მას დავტოვებთ კიდევ ერთი დღით კლინიკაში და, შესაბამისად, ჩაუტარდება სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირებული გამოკვლევა. რაც შეეხება ოპერატორს, ის დღეს გაეწერება“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
რაც შეეხება 21 წლის პაციენტს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კახაბერ ჭელიძის განმარტებით, იგი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყველაფერი კეთდება, რათა რაიმე გართულების პრევენცია მოხდეს.
კახაბერ ჭელიძის განცხადებით, დაწყებულია პაციენტის სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი.
„სამედიცინო დაწესებულებაში გუშინდელი აქციისას დაშავებულები არ შემოუყვანიათ. გუშინდელმა დღემ ამ თვალსაზრისით მშვიდობიანად ჩაიარა. რაც შეეხება ჩვენი სტაციონარული პაციენტების მდგომარეობას, გეტყვით სიმძიმის მიხედვით. ყველას ყურადღების ცენტრშია 21 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანების თაობაზე უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი. დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჯეროვნად, თუმცა გართულებებისგან არავინ არის დაზღვეული. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ყველაფერი კეთდება, რომ ნებისმიერი ასეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოხდეს. თავიდანვე რეანიმაციაში იყო შეყვანილი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობაც კვლავ რეანიმაციაში ყოფნას მოითხოვს სრული გამოღვიძების პროცესის დასრულებამდე. ბუნებრივია, გამოღვიძების შემდგომაც მისი მდგომარეობა საყურადღებო იქნება და მოითხოვს მულტიდისციპლინირებულ მართვას, რაც უპრიანია სწორედ რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა.