ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები აპროტესტებენ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილობის შესახებ წარმოებაში არ მიიღო.
აქციის მონაწილეები ჯერ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე მდებარეობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაცია. აქციები უკვე მეხუთე დღეა სწორედ ამ ადგილზე მიმდინარეობს.
შეკრებილები ასევე აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რითაც მმართველი გუნდი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე დროებით აჩერებს.