კანონპროექტის მიღება ექსპროპრიაციის შესახებ აჭარაში პრობლემებს შექმნის

18 აპრილი 2017, 00:00 3518 ნახვა

თამაზ ბაკურიძე იმ კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში შევიდა. ბაკურიძე ამბობს, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდა, აჭარაში მოსახლეობის დიდი სეგმენტი დაზარალდება.

საუბარია, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონპროექტზე, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის თაობაზე დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.  ცვლილებებით შემცირდა გამოსახლების ვადებიც. თუ ადამიანს ექსპროპრიაციის კანონი შეეხო, მას სახლის გათავისუფლების  1 თვეში, ხოლო მიწის 14 დღეში ევალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პოლიცია გამოასახლებს.

"აჭარაში  სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება, რის შედეგადაც, შესაძლოა, მოსახლეობას გამოსახლება იძულებით მოხდეს, რადგან კანონპროექტი სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას გულისხმობს, რაც ნიშნავს რომ მოქალაქეს პოლიცია გამოასახლეს, რაც დაუშვებელია" - აცხადებს ბაკურიძე.

ბაკურიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებზე გასაცემი კომპენსაცია შეუსაბამოა და მოსახლეობა საკუთრების დათმობას ეწინააღმდეგება, ამიტომ ამ კანონი ამოქმედება, აჭარაში პრობლემებს შექმნის.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში