მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები შესაბამის ზომებს მიიღებენ.
"პოლიციის მხრიდან აქციის მიმდინარეობის პერიოდში გაფრთხილება მოხდა აქციის მონაწილეების, განემარტათ მათ კანონი და ასევე მოვუწოდეთ მათ, რომ დამორჩილებოდნენ კანონს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და აღეკვეთათ მისი სამართალდარღვევა, რასაც სჩადიოდნენ. ასევე, მიეცათ მათ გონივრული ვადა, მაგრამ არ დაემორჩილნენ პოლიციას. მასმედიის არაერთმა წარმომადგენელმა დააფიქსირა ეს გარკვეული ფაქტები, რომლებშიც სისტემატურად პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას და შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და აქციის მონაწილეები გამოყვანილ იქნა იმ ტერიტორიიდან, სადაც მათ აღმართული ჰქონდათ სხვადასხვა სახის ბარიკადი.
ამ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა და ადგილზე რჩება პოლიციის დანაყოფები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.
აქციაზე რამდენიმე პირი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ზუსტ რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.
მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომ განვუმარტოთ მათ სამართალდარღვევის არსი, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკების გზით გადავიდნენ გზიდან. თუ მოხდა ისე, რომ არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გაითვალისწინეს, შესაბამის ზომებს მივიღებთ.
ამ ეტაპისთვის, პირველი ეტაპი, რაც განვახორციელეთ, მოხდა შესაბამისი ბარიკადებისა და იმ კონსტრუქციების ალაგება სავალი გზის ნაწილიდან, რომელიც განთავსებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.