ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.
საბჭოს სხდომა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება. საკითხზე მთავარი მომხსენებელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იქნება.
საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.
ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე.