საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით, საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში მე-11, შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა - მსოფლიო ბანკი

13 ნოემბერი 2024, 10:03 243 ნახვა

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა "კორუფცია საჯარო მოხელეებს შორის", რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს კორუფციის კონტროლის მიმართულებით.

საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.

მსოფლიო რეიტინგში საქართველო 22-ე, ხოლო ევროპაში მე-11 პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ პერიოდში, საქართველომ შეფასების ქულა 50 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა.

2012 წელს საქართველოს შეფასების 100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25% ჰქონდა მინიჭებული, 25 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ბელარუსს და მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო განწესებული. დღეს, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა ისლანდია, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, ესტონეთი, ჩეხეთი დ ა.შ.

საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, ამასთან პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში