სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჯამურად 161,3 კმ სიგრძის ახალი საფეხმავლო ბილიკი მოინიშნა, უკვე მონიშნული ბილიკების 24 კმ-იანი მონაკვეთი კი ინფრასტრუქტურულად განახლდა.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საფეხმავლო გზა გაკეთდა თუშეთის, თრუსოსასა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, მოეწყო თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბილიკი, ბოჭორმის ციხის, გუდაურისა და ქვეშეთის დამაკავშირებელი ბილიკი, არშის ჩანჩქერებისა და ციხის, ასევე კარკუჩა-ბურსაჭირის ბილიკი.
განახლდა კაცხის სვეტის პანორამული გადასახედის ბილიკი და ადგილზე დაემატა წრიული 360 გრადუსიანი ბილიკი. ასევე, ინწრას ჩანჩქერების, მღვიმისა და ჩოლიანი-კლდეკარი-რკონის საფეხმავლო ბილიკები.
ბილიკების მოწყობა ხელს უწყობს აქტიური თავგადასავლების სტიმულირებას საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აძლევს უსაფრთხო და ორგანიზებული მოგზაურობის შესაძლებლობას.
მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები"- განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
სალაშქრო ბილიკების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე.