დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას უკვე ულოცავენ იმის მიუხედავად, რომ ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ყველა მერყევ 7-ვე შტატში ექს-პრეზიდენტი იმარჯვებს. მიჩიგანში, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადაში, ჯორჯიასა და არიზონაში ტრამპს 50 %-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.
ფლორიდაში, დონალდ ტრამპის შტაბ-ბინაში რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდამჭერებმა მისი გამარჯვების აღნიშვნა უკვე დაიწყეს. ტრამპი მხარდამჭერების წინაშე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად გამოვიდა. „ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას გამოჯანმრთელებაში - ამ სიტყვებით მიმართა მან შეკრებილებს. პირობას დებს, რომ მოაწესრიგებს საზღვრებს და დასძენს, რომ მან და მისმა პარტიამ ისტორია დაწერეს.
რამდენიმე წუთით ადრე ამერიკულმა ტელეარხმა ფოქს-ნიუსმა გამოაქვეყნა თავისი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ტრამპი საარჩევნო კოლეგიის 277 ხმით იმარჯვებს ჰარისის წინააღმდეგ. რესპუბლიკელებმა, წინასწარი შედეგებით მოიპოვეს ადგილების უმრავლესობა აშშ-ს კონგრესის ზედა პალატაში - სენატში და მომავალ წელს უზრუნველყვეს კონგრესის მინიმუმ ერთ პალატაზე კონტროლი. ამჟამად სენატს 51 ადგილით დემოკრატები აკონტროლებენ.