ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა, როდესაც ცდილობენ მათ დააჯერონ, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმა გაყალბდა - მდინარაძე

28 ოქტომბერი 2024, 14:25 254 ნახვა

ცდილობენ, ერთ ქართველსაც კი დააჯერონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის რომ აჯერებ, რომ 300 000 ხმა გაგიყალბეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით.

„თუკი ამ ქვეყანაში ვინმე არის დარჩენილი, რომელიც ფიქრობს, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბება შეიძლება რეალური იყოს, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და იფიქროს ბევრი, რა მოხდა ასეთი, როგორ მოატყუეს. გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი - ყველა ცდილობს, რომ ერთ ქართველსაც კი დააჯეროს რომ 300 000 ხმა გაყალბდა. უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის რომ აჯერებ, რომ 300 000 ხმა გაგიყალბეს. 300 000 ხმის გაყალბებაზე სერიოზულად რომ მელაპარაკოს ვინმემ, მე თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. ეს მათი ამომრჩევლის საქმეა, ასე იგრძნობს თუ არა თავს. ამ ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს იმისიც სჯერა, რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება ჰყავს. მათი ნებაა, ეს რწმენის საკითხია და არა არგუმენტებზე დაყრდნობილი ანალიზის. ვიღაცას ასე სწამს და აძლევს ხმას სააკაშვილს, გვარამიას, ქვეყნის მოღალატე გახარიას, თაღლით ხაზარაძეს როგორ პროევროპელს. მას ასე სჯერა, რომ ეს ხალხია პროევროპელი და ვინც ევროპის გზაზე დაგვაყენა, ეს ხალხი - რუსი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ელექტრონული არჩევნების გაყალბების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მაშინ ისე აწყობდათ, ახლა ასე აწყობთ.

„იმდენად არასერიოზულია ეს, წარმოიდგინეთ 900 ათასამდე ხმით ვუსწრებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რა გაყალბებაზე ლაპარაკობენ, რის გაყალბებაზე ლაპარაკობენ? მათი დათვლით, 40% გვქონდა და 54% მივიღეთ, ანუ 300 ათასამდე ხმის გაყალბებაზე ლაპარაკობენ, წარმოგიდგენიათ? ერთი შემთხვევა იყო და ოთხი კამერა იღებდა, ისიც დადგმული. რა 300 ათასი ხმის გაყალბება, რა სისულელეს ლაპარაკობენ? ფაქტი უნდა დაიდოს, ფაქტი, ერთი. წარმოიდგინეთ, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი წევრი ჰყავთ კომისიაში. 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი უყურებდა. 2-3 ხმის მანიპულაცია რომ სცადო, იქ მოხდება რაღაც სასწაული. რაზე ლაპარაკობენ საერთოდ?“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს საპროტესტო მუხტის აწევას არაფრიდან, ნულიდან. ნულია მათი პერსპექტივა იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზულად საუბარიც კი არ შეიძლება.

მამუკა მდინარაძის განმარტებით,  საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.

"გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს, შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. დიახ საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში