მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებები – ICAN2024. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, ქართულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ დამატებით ყაზახეთის 12 ქალაქის მიმართულებით. მემორანდუმით გათვალისწინებული დამატებითი დანიშნულების პუნქტებია, ისეთი მსხვილი ქალაქები როგორიცაა, შიმკენტი, აქტობე, ყარაღანდა, კოსტანაი, თარაზი, სემეი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული ფრენების განხორციელება დაშვებული იყო მხოლოდ ასტანის, ალმათისა და აქტაუს მიმართულებებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება გააუმჯობესებს ქართული ავიაკომპანიების წვდომას ყაზახეთის საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას.
საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და SCAT ასრულებენ.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.