ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე: ''ბათუმში მეჩეთის მშენებლობა წელს დაიწყება''

12 აპრილი 2017, 00:00 13573 ნახვა

ბათუმში მეჩეთის მშენებლობა წელს დაიწყება, ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს "ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის" ხელმძღვანელმა განუცხადა. ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთი სჭირდება ქართველ მუსლიმებს და ეს არაა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"მშენებლობა წელს დაიწყება, უკვე ვასრულებთ პროექტს, რომელსაც, შესაბამისი დოკუმენტაციით, ბათუმის მერიას წარვუდგენთ. ვფიქრობ, ამ მეჩეთის აგება საქართველოს დემოკრატიის ნიშანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ჩვენი მისამართით პოზიტიურ ნაბიჯებს გადმოდგამს. ეს არ იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის აგებული მეჩეთი, ეს იქნება მლოცველებისთვის განკუთვნილი ადგილი"- განაცხადა ნაკაიძემ.

"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ მშენებლობის ნებართვის პრობლემა ქართველ მუსლიმებს არ ექნებათ.

"იმედს ვიტოვებ, რომ ნებართვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ, თუ მსგავსი რამ მოხდა, კანონის ფარგლებში ვიბრძოლებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ვხვდებით ზურაბ პატარაძეს. ბოლოს მას ერთი კვირის წინ შევხდით, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. ამ საკითხზე ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ უფრო ვრცლად ვისაუბრებ. ეს მეჩეთი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ისტორიული, ამიტომ, ვცდილობთ, მისი არქიტექტურაც იყოს ახალი და განსხვავებული. გვინდა საქართველოში ჩამოსულ დაამახსოვრდეს და გაიხსენოს ეს მეჩეთი. ეს უნდა აწყობდეს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც უნდა იყოს იგი", - განაცხადა ნაკაიძემ.

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი