თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენციებია, რის გამოც სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვებსა და ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მუდმივი ზრუნვის საგანია, თუმცა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების აგრესიული მარკეტინგის მთავარი სამიზნე სწორედ მომავალი თაობაა.
კვლევის მონაცემების თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში შემცირებულია ტრადიციული სიგარეტის მოხმარება როგორც სიცოცხლის, ასევე უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში; გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარება სიცოცხლის განმავლობაში – 40% (2015 – 19%, 2019 – 32%) და უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში – 15% (2015 – 7%, 2019 – 9%); მზარდი ტენდენცია აქვს გასახურებელი თამბაქოს მოხმარებას სიცოცხლის განმავლობაში – 11% (2019 – 8%).
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის პრესრელიზშია აღნიშნული, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოადგინა სავაჭრო ობიექტების მონიტორინგის შედეგები. 2024 წლისთვის შიდა ხილვადობის წესების დარღვევა 10.8%-მდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა ელ. სიგარეტების გამოფენის შემთხვევები. უმნიშვნელოდ, 9.4%-მდე გაიზარდა სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის დარღვევები (2023 წელს 8.8%). ამასთან, სოციალურ ქსელებში ცნობადი სახეები ელექტრონული სიგარეტის აქტიურ, უკანონო პოპულარიზაციას ეწევიან.
„შეხვედრაზე განიხილეს თამბაქოს კონტროლის მიმდინარე პოლიტიკა და შეჯამდა უკანასკნელი წლების განმავლობაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიც. აღინიშნა, რომ შესუსტდა თამბაქოს კონტროლის რეგულაციები და არსებული კანონმდებლობის აღსრულების, ისევე, როგორც თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გაძლიერების ინიციატივები. კერძოდ, რამდენჯერმე გადავადდა თამბაქოს ნაწარმის სადა (იგივე სტანდარტიზებული) შეფუთვით რეალიზაციის მოთხოვნის ამოქმედების ვადა; გამარტივდა სტანდარტიზებული შეფუთვის ტექნიკური მოთხოვნები და დაწესდა კონკრეტულ პროდუქტებზე მორგებული გამონაკლისები; განახევრდა გადასახადები თამბაქოს ცალკეული ნაწარმებისთვის; შესუსტდა თამბაქოს ნაწარმის შეფუთვებზე სამედიცინო გაფრთხილებების დატანის წესები; ასევე, რამდენჯერმე შეფერხდა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის შესახებ ნორმატიული აქტის მიღების პროცესი, ისევე, როგორც გაჭიანურდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის ოქმზე მიერთების საკითხის ინიცირება და კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების დროულად მიღების პროცესი. შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიას დამსწრე საზოგადოების და ექსპერტების მონაწილეობით. საგანგაშოდ შეფასდა ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენციები და თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებაში“, - აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის პრესრელიზში.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ცალსახად გამოიკვეთა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის აკრძალვის, დასუსტებული კანონმდებლობის და თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულაციების თვისობრივი გაძლიერების აუცილებლობა. ამ უკანასკნელი მიმართულებით საკანონმდებლო ორგანომ და ხელისუფლებამ უნდა განიხილოს შემდეგი ღონისძიებების გატარება:
არომატებისა და დანამატების (გარდა თამბაქოს არომატისა) აკრძალვა თამბაქოს/ნიკოტინის ყველა ნაწარმში; ნიკოტინის შემცველობის 95%-ით შემცირება თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმში; 2010 წლის შემდეგ დაბადებულთათვის თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების მიყიდვის აკრძალვა 2028 წლიდან, მათი სრულწლოვნების ასაკიდან; თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ზღვრული ასაკის ყოველწლიური ზრდა; ლიცენზირების შემოღება არა მხოლოდ კონკრეტული თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, არამედ ყველა სახის თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობასა და იმპორტზეც; შემდგომში ლიცენზირებული სავაჭრო ობიექტების რაოდენობის 95%-ით შემცირება 2040 წლამდე; თამბაქოს/ნიკოტინის ყველა ნაწარმზე გადასახადების გათანაბრება და სისტემატური ზრდა, ვიდრე მოხმარება არ შემცირდება 5%-მდე; თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმთან მიერთება; თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზება და სამედიცინო გაფრთხილებების დადგენა გამონაკლისების გარეშე.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიებების გატარებით მნიშვნელოვნად შემცირდება თამბაქოს მოხმარება მოზარდებში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.