ხელვაჩაურში დღეს კოლხობა იზეიმეს. სახალხო დღესასწაული სარფის სანაპიროზე მოეწყო და მას ადგილობრივებთან ერთად საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ.
გაიმართა თეატრალური წარმოდგენა მეფე აიეტისა და მედეას პერსონაჟებით და ასევე შესრულდა ლაზური სიმღერებიც.
ღონისძიებაში ხელვაჩაურის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი ბაიარ შაჰინი იყო, რომელმაც დღესასწაულის მონაწილეებს კოლხობა სიმღერით მიულოცა.
კოლხობა მიულოცეს მათ ასევე აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა. მათ სიტყვით მიმართეს სარფის სანაპიროზე შეკრებილებს და ლაზური კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სახალხო დღესასწაული კოლხობა 1978 წლიდან აღინიშნება. თავიდან მას ქვაომხაზობას ეძახდნენ, მოგვიანებით კი კოლხობით ჩაანაცვლეს. დღესასწაული ყოველწლიურად სარფის სანაპიროზე იმართება.