გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

16 სექტემბერი 2024, 11:13 229 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 31 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 - შიდა ქართლში, 9 - ქვემო ქართლში, 5 - კახეთში, 5 - სამცხე-ჯავახეთში, ასევე, 5 - გურიაში, 3 ფაქტი კი, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია; 9 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ამოღებულია 94 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი