გარემოს დაბინძურებისთვის ბოლო ერთ წელიწადში 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა

06 სექტემბერი 2024, 11:09 329 ნახვა

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის ბოლო ერთ წელიწადში 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის ყველაზე  მეტი - 3 453  ფაქტი თბილისში დაფიქსირდა, 1 403- ქუთაისში, 1 233 - ბათუმში, 1 104 - ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7 193 სამართალდამრღვევიდან, 6 267 ფიზიკური, ხოლო 926 - იურიდიული პირია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის ათი დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20% - ით შეუმცირდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი - ხუთი თბილისში, ორი ქუთაისში, ორი ბათუმში, ერთი კი რუსთავში  იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა ხუთი ეკიპაჟით გაიზარდა - ორი ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი